თბილისი სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას მასპინძლობს. ღონისძიება ორმხრივი შეხვედრებით დაიწყო. საქართველოში იმყოფებიან სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, დელეგაციას ხელმძღვანელობს სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი.
დღესვე მხარეები ერთობლივ კომუნიკეს მოაწერენ ხელს, რომლითაც დადასტურებული იქნება ოთხივე ქვეყნის-საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.
„ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რომელიც უკავშირდება თანამშრომლობიდან თანაქმედებაზე გადასვლას რათა ერთად შევძლოთ კიდევ უფრო ძლიერი სუამის და ძლიერი ორგანიზაციის განვითარება,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ვიზიტის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გასული 20 წლის განმავლობაში სუამის წევრმა ქვეყნებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, კულტურის, სამართალდამცავი და საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა.