„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი, თემქის დასახლების მე-3 მ/რ-ში 81 წლის ჯულიეტა წამალაშვილს ესტუმრა. ქალბატონი 86 წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, დიაბეტით არის ავად და ინტენსიური მკურნალობა სჭირდება, მოხუცებს სოციალური დახმარება 5 თვეა შეუჩერეს და მიზეზი, 1 ოთახში 40 წლის წინ დაგებული პარკეტი აღმოჩნდა.
„რატომ მომიხსნეს დახმარება, რა იპოვეს ჩემს სახლში არ ვიცი“,-აცხადებს ლუიზა წამალაშვილი.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით უპირველესყოვლისა ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ წამალაშვილების ოჯახს უახლოეს პერიოდში მედიკამენტების თანხა მაინც გამოუყონ. „86 წლის კაცმა, რომელიც უვლის 81 წლის მეუღლეს საბანი გაყიდა იმისთვის, რომ წამალი შეეძინა. ძალიან მალე ამ ყველაფერს ჩვენ შევცვლით,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზალიკო უდუმაშვილს სოციალური მომსახურების სააგენტოში უპასუხეს. სააგენტოს ინფორმაციით ლუიზა წამალაშვილის ოჯახი გეგმა-გრაფიკით გადამოწმდა მიმდინარე წლის მაისში. ოჯახმა კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღო, რის გამოც ვერ გახდნენ საარსებო შემწეობის მიმღებები. სააგენტოს ცნობით ორივე წევრი იღებს ასაკობრივ პენსიას, შშმპ-ს სტატუსი არცერთ მათგანს არ აქვს. დღეს არსებული ქულა კი მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სოციალურად დაუცველთა პაკეტით, ასევე ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში სიმბოლურ ფასად შეიძინონ საჭირო მედიკამენტები.