არასაპარლამენტო ოპოზიცია ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ჩართულია „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოგროვებით ბაღების გამოყენებით. ამბობენ იმასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ ახდენს სრულ მობილიზაციას.
„ეს არის მავნე ტრადიციის გაგრძელება,“-აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხმები შეაგროვონ.
„სამარცხვინოა, რასაც ისინი აკეთებენ ბაღებში“,-აცხადებს ვაშაძე.
საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ხმების მობილიზების მიზნით, მერიის დაქვემდებარებულ ბაღების სააგენტოს ავალებს, რომ მათ მოამზადონ მხარდამჭერთა სიები, ანუ ბაღების დირექტორებს დაავალონ, რომ ოცნების მხარდამჭერები მოძებნონ და თან მათგან მიიღონ პირობა, რომ ხმას აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მისცემენ.
სქემა ასე მუშაობს: მთელს ამ პროცესს სავარაუდოდ განაგებს ბაღების სააგენტო. ის იბარებს საბავშვო ბაღების დირექტორებს, ან ურეკავს ან წერის წერის და მათ ავალებს მოამზადონ მხარდამჭერთა სიები და გადააგზავნონ სააგენტოში, საუბარია ადამიანების გვარებზე, სახელებზე, პირად ნომრებზე. სიაში უნდა იყოს ის ხალხი ვინც 21 ოქტომბერს გარანტირებულად შემოხაზავს „ქართულ ოცნებას“. ამის შემდეგ საქმეში ბაღის დირექტორები ერთვებიან, იბარებენ ბაგა-ბაღების თანამშრომლებს და ავალებენ, რომ ერთმა თანამშრომელმა მიიტანოს 20 ამომრჩევლის პირადი მონაცემი და თან მათგან მიიღოს პირობა, რომ ხმას აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ მისცემენ. ბაღის თანამშრომლები ამის შემდეგ იწყებენ ოჯახის წევრების და მეზობლების მონაცემების შეგროვებას და მიაქვთ დირექტორთან. დირექტორმა ჯამში 150-დან 200 კაციანი სია უნდა შეადგინოს.