თბილისში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ხელი მოეწერება ერთობლივ კომუნიკეს. აღნიშნული დოკუმენტით დადასტურებული იქნება ოთხივე ქვეყნის-საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.
"დღეს ჩვენ შევაფასეთ არა მხოლოდ განვლილი ეს 20 წელი, არამედ შევიმუშავეთ ახალი ხედვა მომავალი 20 წლისთვის“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში.
„აშშ ძალიან ამაყობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სუამის ორგანიზაციასთან პარტნიორობს. ჩვენ ვეხმარებოდით და ვთანამშრომლობდით ამ ორგანიზაციასთან სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით, სავაჭრო დაწესებულებებისა და სუამის სამდივნოს მოწყობის მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას ისეთ საკითხებში როგორებიცაა გაჭიანურებული კონფლიქტები, ტრეფიკინგი და კორუფციასთან ბრძოლა,“-განაცხადა აშშ-ს ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდმა.
კომენტარი ასევე გააკეთა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სუამის ორგანიზაციასთან ურთიერთობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება იაპონიისთვის, რადგან საქართველო და ლოგისტიკური სტრატეგია ჩინეთსა და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იაპონური ბიზნესებისთვის.
„ვფიქრობ ეს მომენტი არის ყველაზე გადამწყვეტი საკითხი იაპონიისთვის რომ განავითაროს მომავალი ურთიერთობები არა მარტო საქართველოსთან არამედ სუამის წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც,“-განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.
ვიზიტის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გასული 20 წლის განმავლობაში სუამის წევრმა ქვეყნებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, კულტურის, სამართალდამცავი და საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა.