„ევროპული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი იარაღით მუქარაზე საუბრობს. როგორც ლელა მენთეშაშვილი აცხადებს, მაჟორიტარობის კანდიდატს, ნოდარ ეჟიშვილს მათთვის უცნობი პირი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი იარაღით დაემუქრა.
„იყო ხმამაღალი შეძახილი. მაჟორიტარი, რომელსაც ჰქვია ნოდარი შეეცადა გაერკვია ვისი მიმართულებით იყო ეს ხმამაღალი შეძახილი და როდესაც გამოვიდა გარეთ ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა საჭესთან და აუხსნა რომ შენ გეძახი, "ევროპულ საქართველოს," რის შემდეგაც ამოიღო იარაღი და უთხრა "აი, ამას დაელაპარაკები“,-აცხადებს პარტიის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარის შემდეგ, ოპოზიციონერებმა სამართალდამცავებს მიმართეს.
შსს-ოს ინფორმაციით, მუქარის ფაქტზე საქმე 151-ე მუხლით აღიძრა. ნივთმტკიცებად სამართალდამცავებმა სათამაშო იარაღი ამოიღეს.