18 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის დროშის ჩამოხევა - სამოქალაქო აქტივისტი პოლიციამ დაკითხა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე რუსეთის ფედერაციის დროშა აღარ ფრიალებს. სახელმწიფო დაწესებულებიდან რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკა გუშინ სამოქალაქო აქტივისტმა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნა და დახია. ონისე გერგედავა აცხადებს, რომ დროშის ჩამოხსნით საქართველოს მიმართ მეზობელი ქვეყნის საოკუპაციო პოლიტიკა გააპროტესტა.

სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის გამო სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გერგედავა აცხადებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციაში ის სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა, რის შემდეგაც გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავების და დაკითხვის ფაქტს უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ღონისძიება, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტის პროტესტი გამოიწვია პირველ ოქტომბერს გაიხსნა. თბილისის კონსერვატორია უკვე ერთი კვირაა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს და მასში მონაწილეობას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც იღებენ. სწორედ ამ ფაქტით ხსნის ღონისძიების ორგანიზატორი დროშის აღმართვას კონსერვატორიის შენობაზე.

თბილისის ცენტრში ოკუპანტი ქვეყნის სახელისუფლო სიმბოლიკის აღმართვას პროტესტი მოჰყვა ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სახელმწიფო შენობებზე რუსეთის დროშის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში.

დღის ამბები