კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსორაულის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი მოთხოვნაა, მთავრობა აქტიურად ჩაერთოს ქართველი მფრინავის შესახებ ზუსტი ცნობების დადგენაში.
ოსორაულის ძმის თქმით, ოჯახს აქვს კავშირი კონგოელ სამხედროებთან, რომლებიც მისი დაღუპვის ცნობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ოსორაულს დახმარება სჭირდება. ოსორაულის სავარაუდო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი გაუჩინარებიდან 5 თვეში გაავრცელა. ქართველი მფრინავი ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა.
„ეჭვი მიჩნდება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ზოგადად სახელმწიფოს ხელის დაბანა უნდა ამ საქმეში. აქვთ მათ ფოტომასალა, რითიც ამტკიცებენ, რომ ის არის დაღუპული თავში სროლის შედეგად, მაგრამ თავში ნასროლი არ ეტყობა,“ - განაცხადა სოსო ოსორაულის ძმამ გიორგი ოსორაულმა.