სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი ბოლო სამი წლის განმავლობაში შესწავლილ 91 საქმეს ასახელებენ, სადაც სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეა საუბარი. ყველა ეს საქმე გადაეგზავნა პროკურატურას გამოძიების დაწყების წინადადებით. აქედან მხოლოდ ორ საქმეზე აქვთ პოლიციელებს ბრალი წაყენებული. ორივე შემთხვევაში ჯერ სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი დამნაშავედ ცნობილი არ არის. სახალხო დამცველის ცნობების მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასათანადო მოპყრობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მოხდა, რამდენიმე შემთხვევა კი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში ზემო და ქვემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში.