რაში ხარჯავს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს? გაირკვა, რომ ათეულობით მილიონს ხელისუფლება საფეხბურთო კლუბების დასაფინანსებლად და ტურიზმის განვითარებისთვის არ იშურებს. მაგალითად თუ წელს საფეხბურთო კლუბების ქისაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი გადაირიცხა, მომდევნო წელს ეს ციფრი 37 მილიონი იქნება. სულ ფეხბურთის განვითარებაში 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო 200 მილიონს დახარჯავს.
გარდა ამისა ტურიზმის განვითარებისათვის 52 მლნ. ლარიანი დაფინანსებიდან უდიდესი ნაწილი კვლავაც "ჩექ ინ ჯორჯიაზე" დაიხარჯება. „ჩექ ინ ჯორჯიაზე“ აქამდე დახარჯული ფული და მომავალი წლის დაფინანსება ერთად თითქმის 100 მლნ. ლარს გადასცდება.
სავარაუდოდ "ჩექ ინ ჯორჯიას" ერთ კომპონენტს დაფინანსების შეწყვეტა არ ემუქრება. საუბარია „ბლექ სი არენას“ შენახვაზე, რომელიც წელს 12 მლნ ლარამდე დაჯდა. მომავალი წლისთვის ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტში პირველად გაჩნდება სუბსიდიის მუხლი 15 მლნ.
მომავალ წელს 2.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე, რომლის დიდი ნაწილიც ქვეყანამ საგარეო თუ საშინაო კრედიტორებისგან უნდა ისესხოს.
2018 წლის ბიუჯეტის მთავარი პრობლემა კი მაინც ეკონომიკური ზრდაა - მთავრობის ვარაუდით ზრდა მომდევნო წლებში სტაბილურად 5% იქნება და ხარჯებიც სწორედ ამ გათვლითაა დაგეგმილი.წინა წლებშიც დაპირება 5%-იანი ზრდა იყო. რეალობა კი მეორე წელია 2.5%-ს ვერ სცდება.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი