ე.წ. ციანიდის საქმის დეკანოზ მამალაძის სახაზინო ადვოკატები დღეს ქალაქის პროკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყება, დახურული სასამართლო სხდომების საიდუმლო მასალების გასაჯაროების საქმეს იძიებს.
მკვლელობის მომზადების მცდელობაში მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატები, სულხან კომახიძე და პაატა მეხრიშვილი, მსგავსად სამი უფლებადამცველისა, პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს.
როგორც დღეს თბილისის პროკურატურაში მისულმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების საქმეზე ჩვენების მიცემას არც მაგისტრი მოსამართლისთვის აპირებენ.
უფლებადამცველები კანონით მინიჭებულ უფლებას იყენებენ.
„მე როგორც მოწმეს უფლება მაქვს არ მივცე საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება და ჩემი ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენება. ამავე დროს მე, როგორც მოწმეს უფლება მაქვს არ გავცე ის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა ჩემი როგორც ადვოკატის პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. მეტიც, ადვოკატის შესახებ კანონი და ადვოკატის ეთიკის კოდექსი, მე მავალდებულებს კონფიდენციალობის დაცვას და იმ ინფორმაციის გაუთქმელობას, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა ასევე ჩემი, როგორც ადვოკატის პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად მე არ ვაპირებ გავცე ის ინფორმაცია, რომელიც მე ამ საქმეზე მივიღე, როგორც ადვოკატმა,“-განაცხადა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.
პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო მასალების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება, შაბათის „კურიერში“ შორენა თეთრუაშვილის ჩვენების გასვლის შემდეგ დაიწყო.