18 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ივანიშვილისთვის გადაცემულ მიწის ფართობებში გუდიაშვილის ქუჩაც მოხვდა-რა განმარტებებს აკეთებენ მერიაში?

1900 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც გუშინ საკრებულომ ხმაურიანი სხდომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას 1 ლარად გადასცა, გუდიაშვილის ქუჩის  ნაწილიც შედის.

როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ამ ტერიტორიის, ამ  საზღვრების მიხედვით დარეგისტრირება  2007 წელს მოხდა ქონების მართვის საქალაქო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში და სწორედ ამ საზღვრების მიხედვით გასხვისდა ის კერძო ინვესტორზე, რაც კანონდარღვევა არ არის.

„ტერიტორია რომელიც გასხვისდა 1900  კვ. მიწის ნაკვეთი, მნიშვნელოვანია რომ ამ ქონების რეგისტრაცია ჯერ კიდევ 2007  წელს განხორციელდა მიზნობრივად და რეგისტრაციის მიზანს და საფუძველს წარმოადგენდა მისი მიწისქვეშა  პარკირების შემდგომი განხორციელება. ამიტომ დღეს განხორციელებული ეს ნასყიდობა აბსოლუტურად არის გონივრული და ლოგიკური გაგრძელება ამ მიწის ნაკვეთთან  მიმართებაში“,-განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ფართობების გადაცემის საკითხის საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა -შემოხლას. ასევე ხმაური იყო სხდომათა დარბაზში საიდანაც ოპოზიციონერი დეპუტატი გამოაძევეს, უმცირესობის დანარჩენმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად თავად დატოვეს. 

დღის ამბები