18 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
"საკრებულოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს" - ოპოზიცია ივანიშვილისთვის გუდიაშვილის ქუჩის გადაცემას ეხმაურება

საკრებულოს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გუდიაშვილის ქუჩის ნაწილის გადაცემას ეხმაურება. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განმარტავს, ოპოზიცია ამზადებს სარჩელს, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო. მისივე თქმით საკითხის მისაღებად საკრებულოს შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობაა საჭირო რაც გუშინდელ სხდომაზე არ მომხდარა, რადგან როგორც ცნობილია ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი.

„ის რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ," კახი კალაძის გუნდმა, რომელიც რაღაც ისეთი დაპირებებით გამოირჩევა ამ არჩევნებზე, არის პირდაპირი მაგალითი როგორ გათელა თვითმმართველობის არსი ამ პოლიტიკურმა ძალამ. ერთადერთი საშუალება ამ ძალადობით მიღებული, უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, როდესაც მთელი სხდომა იყო არალეგიტიმური, არის 21 ოქტომბერი,“-განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება ამ საკითხის ირგვლივ და მათი პასუხი იქნება სამართლებრივი გზით ბრძოლა.

„მივმართავთ სასამართლოს, რომ ეს სხდომა არის არალეგიტიმური და გაუქმდეს,“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1900 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც გუშინ საკრებულომ ხმაურიანი სხდომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას 1 ლარად გადასცა, გუდიაშვილის ქუჩის  ნაწილიც შედის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები