წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მცირე განმარტება გააკეთა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა. მეუფე იოანემ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც საუბარი შეეხო, იყო მამა გიორგი მამალაძის საკითხი. მეუფეს თქმით, დეკანოზის საქმეს ეკლესიური წესების მიხედვით განიხილავენ.
„რადგან სასამართლო მამა გიორგისთან დაკავშირებით დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქომ ეკლესიის კანონის მიხედვით უნდა განიხილოს საკითხი. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, სჯულის კანონი, სადაც განხილულია ყველა ეს შემთხვევები, რაც ისტორიულად არის ცნობილი და ამ გამოცდილების საფუძველზე მოხდება განხილვა. მაგალითად, მისი მღვდელმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების,“ - აცხადებს მეუფე იოანე.
გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი ამბობს, რომ სხდომაზე საუბარი იყო მეუფე სერაფიმეს შესახებაც. მეუფე სერაფიმეს ცოტა ხნის წინ მძიმე ბრალდებით ბორჯომის ეპარქია დაატოვებინეს. თუმცა, მას მღვდელმსახურება შეჩერებული არ ჰქონდა.
„მეუფე სერაფიმემ თვითონ ითხოვა, რომ მე არ მინდა ეს აყალ-მაყალიო და წავალ მშვიდად, სადმე მონასტერში ვიქნებიო,“ - განმარტა მეუფე იოანემ.
საპატრიარქო წმინდა სინოდზე განხილული საკითხების შესახებ, განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
სინოდის სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნა. ეს არის წმინდა სინოდის პირველი სხდომა, ე.წ. ციანიდს საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ. დღევანდელ სხდომას 47 მღვდელმთავარი ესწრებოდა.