ლიბიაში დაკავებული სამი ქართველის ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. რომან კაკალაძის, ნუკრი ხოხბასა და გენო კომახიძის ახლობლები და ოჯახის წევრები, დღეს ბათუმში საზღვაო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.
ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება პატიმრების გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.
მათი თქმით, მეზღვაურები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. არ აქვთ საკვები, წყალი და არ ჰყავთ თარჯიმანი.
„მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაგვეხმარონ. ეს ბიჭები უპატრონოდ არიან. არც ადვოკატი ჰყავთ, არც თარჯიმანი. რაღაც გაურკვეველ საბუთებზე ხელი მოაწერინეს. 17-ში სასამართლო ტარდება და ადვოკატი არ ჰყავთ ამ ბიჭებს რა ბედი ელით“? - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავება სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთის გადაზიდვას უკავშირდება.