ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა დღეს, პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ბრალდების მხარემ, სასამართლოს დღეს გრიფით საიდუმლო დოკუმენტები წარუდგინა, სადაც მათი მტკიცებით, გაწერილია ხარჯები, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და მისი დაცვის უფროსმა, ბიუჯეტიდან გაწიეს.
დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მტკიცებულებები სუსტია და ის დანაშაულის დასადასტურებლად, საკმარისი საფუძველი არ არის.
„დღეს პროკურატურამ წარადგინა ოფიციალური განკარგულებები, ძალაში მყოფი განკარგულებები დღემდე. დღეს პროკურატურამ წარმოადგინა მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის და საბიუჯეტო სისტემების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოებული ბუღალტრული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ეს დოკუმენტაცია რეალურად თავისი არსით, წარმოადგენს დაცვის მხარის მტკიცებულებებს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.