18 ნოემბერი 2024,   12:20
ვრცლად
საჭიროების შემთხვევაში, დეკანოზის საქმის საეკლესიო წესით შესწავლაში ადვოკატებიც ჩაერთვებიან

წმინდა სინოდის დღევანდელ საგანგებო შეხვედრაზე მიღებული გადაწვეტილება, რომლის თანახმადაც, მამა გიორგი მამალაძის საქმეს, სინოდის წევრები, საეკლესიო წესით შეისწავლიან, დაკავებული დეკანოზის ადვოკატები ეხმაურებიან. 

სინოდის ამ გადაწყვეტილებას უფლებადამცველები მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ კი საჭიროება იქნება, მონაწილეობას მიიღებენ საპატრიარქოს საბჭოს მუშაობაში და ყველა ინფორმაციას ამომწურავად გააცნობენ. 

„თუ გავითვალისწინებთ, რომ სასულიერო პირზეა ლაპარაკი, პირველ რიგში, ჩემი შეფასებით, ეკლესია უნდა დაინტერესებულიყო და როგორც ვიცი, არსებობს საეკლესიო სასამართლო, რომელიც ფორმალურად არსებობდა, მაგრამ თუ თავის მოქმედებას განახორციელებენ, საინტერესო იქნება. თუ აქამდე მოხდა, რომ პროკურატურას მოუსმინეს და მათი პოზიციები გარკვეულწილად მისაღები გახდა, ალბათ მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენთანაც იქნება თუ საჭიროება იქნება მათი მხრიდან და ჩვენც აბსოლუტურად ამომწურავად ყველაფერს გავაცნობთ,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მამა გიორგი მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საკითხზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან ამით საპატრიარქოს იმიჯი ზიანდება.

„როგორც აღმოჩნდა, საპატრიარქოს იმიჯს ანგრევს სწორედ ეს განცხადებები, იმიტომ რომ პატრიარქო არ თვლის, რომ ეს საქმე უნდა დაივიწყოს, არ თვლის წმინდა სინოდის დიდი ნაწილი, რომ ეს საქმე უნდა დავივიწყოთ. მათი პოზიცია ის უნდა ყოფილიყო, რომ პირველ რიგში საეკლესიო კუთხით უნდა გაერჩიათ, საეკლესიო წესდებით დეკანოზის მოქმედება იყო თუ არა რამე დანაშაულებრივი და მერე უნდა ემსჯელათ საერო კანონმდებლობით,“ - განმარტავს გიორგი ფანცულაია.

 

დღის ამბები