მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მათ გადაუდებელი ოპერაცია მარნეულის საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. საავადმყოფოში დილიდან იმყოფებიან დაჭრილების ოჯახის წევრები.
მათი თქმით, თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მყოფ არცერთ პირს არ დაუნახავს, შესაბამისად ოჯახებისთვის უცნობია, როგორც თავდამსხმელის ვინაობა, ასევე მოტივი.
თუმცა, დაჭრილების ოჯახის წევრები ყვებიან, რომ პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ავტომატით იყო შეიარაღებული.
„იძახიან ჯერ მდგომარეობა მძიმეა. ორია მძიმედ დაჭრილი. პალატკა აქვთ, სადაც ესენი იმყოფებიან ოფისში. არავის უნახავს, ჩრდილი, ღამე ყოფილა 11 საათზე. შემოსულა ერთი ვიღაც და ესროლა ავტომატით. ისე ინციდენტი არ ყოფილა. არავის არ უნახავს, მაგრამ ავტომატით იყო. იძახიან რომ ერთი იყო. მიზეზი ჯერ არავინ იცის. დაპირისპირება არ ყოფილა,“ - განაცხადა ერთ-ერთი დაჭრილის ოჯახის წევრმა.
ერთ-ერთი დაჭრილის დეიდა ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ, მხოლოდ დღეს დილით გაიგო. მისივე თქმით, მათთვის უცნობია, რა გახდა დაჭრის მიზეზი, თუმცა ცნობილია ის, რომ ორი დაჭრილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.
შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს.
სროლის დროს შენობაში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დაჭრილები საავადმყოფოში შტაბის წევრებმა ავტომანქანებით გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.