ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და დროულ გამოძიებას ითხოვს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". არასამთავრობო ორგანიზაციას მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ რეაგირება სწრაფად მოხდეს.
“ამ დანაშაულის გამოძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნეს მოტივი. ჩვენ გვაქვს არა ერთი გახმაურებული საქმე, როგორც საარჩევნო კონტექსტით, ასევე არასაარჩევნო კონტექსტით, რომელზეც გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში, მაგრამ შემდეგ ან დაიხურა კონკრეტული შედეგების გარეშე ან მიმდინარეა, მაგრამ მის შესახებ საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს,“ - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც”.
“ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პრობლემატური და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება, რადგანაც ეს ყველაფერი ცხადია, გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვიდა საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.
შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს.