გამოვლენილი ინციდენტები მთელ რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურულ დარღვევებს - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, რომლებიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდნენ.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, დღეს გამოიკვეთა საარჩევნო პროცესების მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელთაც არჩევნების პროცესზე, მათი თქმით, მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელები მარნეულის 46-ე საარჩევნო ოლქზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოლქზე მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა.
თბილისში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“.
„ის, რაც ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ პირად მონაცემებს ამომრჩევლების, ნამდვილად არის დარღვევა და ის რეაქციები, რომელიც ჩვენ გავიგონეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ცხადია არასწორია, იმიტომ, რომ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ დაკვირვებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პარტიის წარმომადგენლები აგროვებენ პირად მონაცემებს ამომრჩევლების, შემდეგ ამ მონაცემებს ამუშავებენ და ამის შემდეგ უკვე სავარაუდოდ, ისინი ახორციელებენ ზეწოლას იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ და არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაურის განცხადებით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იწერებოდა საჩივრები დარღვევებთან დაკავშირებით, რეგისტრირებასთან დაკავშრებით იქმნებოდა სერიოზული პრობლემები. გიგაურის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარე ტელეფონით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს უკავშირდებოდა და მასთან იურიდიულ კონსულტაციას გადიოდა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა ახალი და ძალიან ნეგატიური ტენდენციით, რომელიც ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მონაცემების შეგროვებაში გამოიხატებოდა.
„ნაცვლად იმისა, რომ ცესკოს სწორი განმარტება გაეკეთებინა და მითითება მიეცა ქვემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციების მისამართით, მან გააკეთა განმარტება, რომელიც ამართლებდა ამ ტენდენციას და ეს არ იყო ნამდვილად სწორი და კანონთან შესაბამისი,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.