18 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
სტრატეგიულ წერტილებში ახალწვეულები არ უნდა იდგნენ - ექსპერტები

სტრატეგიულ წერტილებში ახალწვეულების მსახურის გამო ხელისუფლებას სამხედრო ექსპერტები აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, ოკუპირებულ ზონებთან უსაფრთხოებას გამოცდილი კადრები უნდა იცავდნენ.

“არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს. დღეს ეს უბედური შემთხვევა რაც მოხდა, ჩვენს შორის მოხდა. იგივე რომ მოხდეს რუს ჯარისკაცთან, ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს და ეს ჩვენ ხელისუფლებას რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა ჩაუყაროს წყალში და ამიტომ, კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ექსპერტები აქცენტს კონფლიქტის ესკალაციის რისკზე აკეთებენ და შესაბამის ორგანოებს სოფელ მუჟავაში მომხდარი შემთხვევის სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„გამოძიება უნდა ჩატარდეს, გამოკვლეული იქნას გარემოებები თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა. დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, თამაშს ჰქონდა ადგილი თუ არის ასეთი რამ, ცვლის მომზადების დროს ხდება იარაღის შემოწმება და შესაძლოა, მაშინ მოხდა გასროლა და ანარეკლი ტყვია მოხვდა. უამრავი შემთხვევა შეიძლება იყოს, რაზეც პასუხები მხოლოდ და მხოლოდ გამოძიებამ უნდა გასცეს,“ - აცხადებს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე.  

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაღუპული ახალგაზრდა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან აბაშაში გადაასვენეს. სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა სოფელ მუჟავაში გუშინ მოხდა. ბექა რუსია, წინასწარი ინფორმაციით, სამხედრომ ცვლის გადაბარებისას შემთხვევით სახის არეში დაჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები