18 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
საქართველოში აზერბაიჯანელი მოქალაქეების დევნა - "პოლიტ პატიმრების დაცვის ცენტრი" პრეზენტაციას გამართავს

საქართველოში აზერბაიჯანელი მოქალაქეების დევნისა და დაპატიმრებების ხელშეწყობაში "პოლიტ პატიმრების დაცვის ცენტრი" ქართველ სამართალდამცველებს ადანაშულებს. ანგარიშის პრეზენტაციას ორგანიზაცია დღეს გამართავს.

დოკუმენტში საუბარია რამდნეიმე აქტივისტის მიმართ განხორციელებულ დევნაზე, მათ შორის განხილულია აფგან მუხთარლის საქმეც.

„ჩვენი მთავარი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება იმ ადამიანების უფლებების დაცვაზე, რომლებმაც ხელისუფლების ზეწოლის გამო დატოვეს აზერბაიჯანი და საქართველოში ცხოვრობენ. აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მისი საქმის გამოძიებას. ქართული მხარე აცხადებს, რომ საქმის საბოლოო გამოძიებისთვის მათ თავად მუხთარლის დაკითხვა სჭირდებათ, ამის საშუალებას კი აზერბაიჯანის მთავრობა მათ არ მისცემს. ჩვენთვის გასაგებია, რომ საქართველო აზერბაიჯანის მთავრობის ზეწოლის გამო რთულ ვითარებაშია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქართული მხარე ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ გვაწვდის, მიუღებელია," - აცხადებს "რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინტიტუტის" წარმომადგენელი დენი ბიორნსი. 

"პოლიტ პატიმრების დაცვის ცენტრის" შეფასებით, აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილების ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დაცვა საქართველოში ძალიან სუსტია.

„აზერბაიჯანის ხცელისუფლება ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში იატაკქვეშა მოძრაობა იქმნება. ქართულ მხარეს აქვს ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანული მთავრობის ზეწოლის შედეგად, მოხდა აფგან მუხთარლის გატაცება. შესაძლოა, ქართულმა მხარემ ამ საქმეში მონაწილეობა მისი საქმიანობის გამო მიიღო. მუხთარლი აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არაოფიციალურად იმყოფებოდნენ. თავის პუბლიკაციებში მან ბატონი ივანიშვილის და მისი ნათესავების სახელებიც ახსენა. ალბათ, ამან ვინმეს უკმაყოფილება გამოიწვია და ამიტომ, ჟურნალისტის წინააღმდეგ საზარელი დანაშაული მოხდა," - აღნიშნა მედია ექსპერტმა ტაშკინ აღარარლიმ. 

ორგანიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები