"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს. ამ წუთებში, ჩვენი ჟურნალისტი, კიევის აეროპორტში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ელოდება. თენგო გოგოტიშვილს უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევში ჩასვლის მიზნის ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
"პოსტ სკრიპტუმის" ჯგუფი უკრაინის დედაქალქში, კვირის გადაცემისთვის, სიუჟეტის მოსამზადებლად მიემგზავრებოდა. თენგო გოგოტიშვილმა მესაზღვრეებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა, თუმცა მას ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.
„დიდი შანსია, რომ დეპორტაციის ბეჭედი ჩამირტყან პასპორტში, რაც, ბუნებრივია, არასასურველი განვითარება იქნებოდა მოვლენების. ოფიციალურ ახსნა-განმარტებას არავინ არ აკეთებს, რატომ ვარ აქ. თუმცა, ყველამ იცის, რომ ქართველებს, ბოლო დროს აქვთ პრობლემები უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თენგო გოგოტიშვილმა.
კიევში მყოფი "კურიერის" ჟურნალისტი, ნათია ტრაპაიძე უკვე ესაუბრა საელჩოს წარმომადგენლებს და მათ ვითარებაში გარკვევა სთხოვა. თენგო გოგოტიშვილმა ვიდეო მასალა კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან მოგვაწოდა, სადაც ის მომხდარის დეტალებს განმარტავს.