19 წლის ბექა რუსიას გარდაცვალების საქმეზე, ის ჯარისკაცები დაკითხეს, რომლებიც შემთხვევის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს პოლიციის საგუშაგოზე დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი გუშინ გვიან ღამით აბაშაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიუსამძიმრა და მათ საფუძვლიან გამოძიებას დაჰპირდა.
19 წლის ბექა რუსიას ნათესავები ამბობენ, რომ ის წვევამდელი იყო და ვადა ერთ თვეში უმთავრდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდა უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მსახურობდა.
ბექა რუსია, სოფელ მუჟავაში გუშინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ის ცვლის გადაბარებისას ერთ-ერთმა სამხედრომ სახის არეში დაჭრა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.