ეროვნული ვალუტა კვლავ ახალ ანტირეკორდებს ხსნის. ამ წუთის მონაცემებით, ლარი ევროსთან მიმართებაში, 3 პუნქტით გამყარდა და ერთი ევრო ამ დროისთვის 2 ლარი და 97 თეთრი ღირს, თუმცა ბოლო რამდენიმე საათში, გაიზრდა დოლარის ღირებულება. ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი უკვე 2 ლარი 56 თეთრია. კურსი უფრო მაღალია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.
ლარის კურსთან დაკავშირებით შეფასება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
”ვაცნობიერებ, რომ ეს ნებისმიერი მოქალაქისთვის აქტუალური საკითხია, ამავე დროს ვაცნობიერებ იმას, რომ აქ ანალიტიკურ პასუხს შესაბამისი კომპეტენცია სჭირდება, რომელიც მე სამწუხაროდ არ მაქვს, ამიტომ მჯერა, რომ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავენ ყველაფერს დეტალურად,“ - განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი კი ლარის გაუფასურებას წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებს
“ეროვნული ბანკის პასუხები არის აუცილებელი ამ შემთხვევაში, მაგრამ რომ არა სპეციალისტების ძალიან რთული ენა გასაგებად საზოგადოებისათვის, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რომ წინა საახალწლო პერიოდში ძალიან დიდი თანხები იხარჯება„ - აღნიშნა ვოლსკიმ.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ აღნიშნული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი გადასახადების დაკლებაა.
“გამოსავალი აქედან არის ერთადერთი, რომ მთავრობამ უნდა დაწიოს გადასახადები, ნაკლები ფული ამოიღოს გადასახადების სახით ეკონომიკიდან. შესაბამისად ეს იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასტაბილურდება ლარიც და ფასებიც. სხვაგვარად შეუძლებელია ქვეყანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ერთ-ერთ პრობლემად იმ ფაქტს ასახელებს, რომლის მიხედვითაც ხაზინას კომერციულ ბანკებზე 650 მილიონი აქვს გასესხებული.
“დღეისათვის 650 მილიონი ლარი აქვს გასესხებულ ხაზინას კომერციულ ბანკებზე. რა უჭირს ასეთი კომერციულ ბანკებს, რომ მთავრობამ დეპოზიტებზე არ განათავსოს საკუთარი ფული და სამთვიანი კრედიტები არ მისცეს,“ - აღნიშნა გოცირიძემ.