სამართალდამცველთა ლიგის წარმომადგენელი ბექა ხახუბიას საქმეში პახუსისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს.
ზვიად კუპრავა ამბობს, რომ არა შინაგან საქმეთა მინისტრის უკანონო ბრძანება და უკანონოდ გათავისუფლება, ბექა ხახუბია დღეს იქნებოდა ცოცხალი, ვინაიდან ის ღამეს გაატარებდა წინასწარი დაკავების იზოლატორში.
როგორც გადაცემა არჩევანში ზვიად კუპრავამ განაცხადა, მან არ იცის, გადაიყვანეს თუ არა ბექა ხახუბია იზოლატორში, თუმცა დაზუსტებით შეუძლია იმის თქმა, რომ ის იჯდა საპატრულო პოლიციის მანქანაში.
ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბექა ხახუბიას გარემოცვამ მისი დაკავების შესახებ გაიგო, ერთ-ერთმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ, დაურეკა შინაგან საქმეთა მინისტრს და სთხოვა, რომ გაეთავისუფლებინა მისი კოლეგის შვილი, ბექა ხახუბია და არ გადაეყვანათ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
კუპრავას თქმით, სწორედ ამის შემდეგ მოხდა ბექა ხახუბიას გათავისუფლება.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბექა ხახუბია არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციას და დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა მაგისტრალზე, სოწრედ შს მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ გაეჩერებინათ ნებისმიერი ფორმით და დაეკავებინათ.
ზვიად კუპრავას განცხადებით, ის პასუხისმგებელია ყველა იმ სიტყვაზე, რომელსაც ამბობს და დაზუსტებით იცის, რომ სწორედ მღებრიშვილის ბრძანების საფუძველზე გადაუკეტეს გზა ხახუბიას.
კითხვაზე, ვისი ბრალია, რომ ბექა ხახუბია დაიღუპა, სამართალდამცველთა ლიგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დაიკითხოს და მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს.