საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მიერ, კონტროლის პალატიდან ამოღებული დოკუმენტების განხილვით გაგრძელდა. პროკურატურის მტკიცებით, დოკუმენტები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2009-2013 წლებში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.
„რევიზიის აქტი ცხადყოფს, რომ ის დანახარჯი, რასაც ბრალდება ედავება, არის უკანონო,“ - აღნიშნა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი ამბობს, რომ რევიზიის აქტი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია უდანაშაულოები არიან.
„ყველა ხარჯი, რომელიც გაწეული იყო, იყო გაწეული სრულიად გამჭვირვალედ და არანაირი პრობლემა კანონთან ამ ხარჯებს არ ჰქონია. პროკურატურას და ხელისუფლებას ეს საქმე სჭირდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ეს საქმე არის პიარისთვის, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა რაღაც თანხები გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“ - განმარტავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი.
გამოძიება მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას 8 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.