ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა გადაიდო. დაკავებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა საბოლოო სამედიცინო დასკვნა არ არსებობს, რადგან კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.
განცხადებაში, რომელიც ოთარ აბესაძის სახელით წარდგენილი იყო საბადრაგო სამსახურის მიერ, ის ამბობდა, რომ დღევანდელ სხდომას ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა და ის ენდობოდა ადვოკატებს.
ირმა ჭკადუასთვის ეს განცხადება სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან მისივე ინფორმაციით, ის დაკავებულს რამდენიმე დღის წინ შეხვდა და აბესაძემ პროცესებში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოთქვა.
„ოთარ აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა,“ - აღნიშნავს ირმა ჭკადუა.