18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტი ბათუმში - მე-11 კლასის მოსწავლე პედაგოგს ადანაშაულებს

სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტი ბათუმში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ამის შესახებ მანდატურის სამსახურს შეატყობინა. სკოლის მანდატურის თქმით, გოგონამ მას უამბო, რომ პედაგოგი სექსუალურად ავიწროებდა.

„იმ ბავშვის თქმით, ეს ვიცით მხოლოდ გადმოცემით, რომ მასწავლებელმა ჯერ ფეხზე მომკიდა ხელიო, მერე ჩამიხუტა და მერე მითხრა, რომ უნდა გაკოცოო,“ - ამბობს მანდატური.

პედაგოგი, რომელსაც მოსწავლე სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ ეს სიცრუეა და ყვება, რომ მოსწავლეს თავდაპირველად შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც ის მანდატურის ოთახში შეიყვანა და სწორედ ამის გამო, მე-11 კლასის მოსწავლემ ეს ყველაფერი სამაგიეროს გადახდის მზით მოიგონა. პედაგოგი ადასტურებს, რომ გოგონა მასთან ნაქირავებ სახლში კერძო გაკვეთილებზე დადიოდა.

პედაგოგის თქმით, ის სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, დირექციას სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, სკოლაში ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. გავრცელებული ცნობით, გოგონამ აღნიშნულის შესახებ მანდატურს აცნობა, თუმცა როგორც დირექტორი ამბობს, მანდატურს მისთვის არ მიუმართავს.  

„ჩემთვის არანაირი ფაქტი არ არის ცნობილი დამერწმუნეთ, როგორც სკოლის დირექტორისთვის. ერთადერთი ჩემთვის ცნობილია, რომ მასწავლებელი ამზადებდა მოსწავლეს, რომელიც არ უნდა მოამზადოს, ეს მასწავლებლის ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევაა და ამისთვის მოკვლევა მიმდინარეობს და გადავცემთ კომიტეტს განსახილველად,“ - აცხადებს დირექტორი.

 ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები