18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
სექსუალური დანაშაულის სავარაუდო ფაქტი - გამოძიება ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასელი გოგონა საკუთარ პედაგოგს უხამს ქმედებაში ადანაშაულებს. სკოლის მანდატური”კურიერს” მოსწავლის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ უყვება. მანდატური ამბობს, რომ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონამ რამდენიმე დღის წინ, მას დეტალურად უამბო, იმ სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ, რომელიც პედაგოგმა ჩაიდინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა მოსწავლე კერძო გაკვეთილზე ნაქირავებ ბინაში დაიბარა, სადაც სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პედაგოგი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლემ ყველაფერი გამოიგონა და ამის მიზეზი, გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტი გახდა.

მასწავლებელი ამტკიცებს, რომ მოსწავლეს სასწავლო პროცესის დროს შენიშვნა მისცა, რაც კამათში გადაიზარდა, ბოლოს მანდატურთან შეიყვანა, რათა შეუსაბამო საქციელისთვის პასუხი მოეთხოვა, სწორედ აქ დასდო ბრალი გოგონამ მას სექსუალურ შევიწროებაში. 

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღეა იძიებს, თუმცა სკოლის დირექტორს ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

განათლების სამინისტროს სპეციალური კომისია არკვევს, დაარღვია თუ არა კანონი მასწავლებელმა მაშინ, როდესაც ის მოსწავლეს თანხის სანაცვლოდ ამეცადინებდა.

ბათუმის საჯარო სკოლაში მომხდარზე გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები