სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით შესაძლოა, მალე ახალი რეგულაციები შევიდეს ძალაში. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამორიცხული არ არის, მოქალაქეების ნაწილს სამორინეებსა და ტოტალიზატორებში შესვლა აეკრძალოთ. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე, ახალი ასაკობრივი ცენზის დაწესებას ითვალისწინებს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ერთიანი ბაზის შექმნა იქნება, რომელიც თამაშზე დამოკიდებულ პირებს გააერთიანებს. სათამაშო დაწესებულებებს კი, ვალდებულება დაეკისრებათ, სიაში მყოფი პირები სათამაშოდ არ დაუშვან.
თამაშ დამოკიდებულთა სიაში პირი საკუთარი ან ოჯახის წევრის მოთხოვნით მოხვდება. ოჯახს პოზიციის დასაბუთება სასამართლოში მოუწევს. სათამაშო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, პირს კაზინოში შეშვებამდე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვონ.
თუ სიაში შეტანილ მოქალაქეს მაინც დაუშვებენ, დაწესებულება 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ცვლილებების მიზეზი, ქვეყანაში თამაშ დამოკიდებული პირებისა და სუიციდის გახშირებული შემთხვევები გახდა.