დაღესტნელი უფლებათა დამცველი მიკაილ კადიევი საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვთან გარიგებაში ადანაშაულებს. მთავრობამ დევნილის სტატუსზე უარი უთხრა და ახლა რუსეთში ექსტრადირებას ელოდება.
ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც რუსეთში ციხისთვის არის განწირული, ამბობს, რომ თბილისსა და მოსკოვის შორის პოლიტიკური გარიგება შედგა და მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასანი და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აწარმოებდნენ. თუმცა, თავად ზურაბ აბაშიძე რუს კოლეგასთან კადიევის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებას კატეგორიულად უარყოფს.
კადიევი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთისთვის მის გადაცემას 2013 წლიდან ცდილობს.
გარდა ამისა, ზეწოლა, როგორც ამას თავად ამბობენ, კადიევის ოჯახის წევრებიც განიცდიან. უფლებადამცველის მამა, რომელიც რუსეთიდან შვილის სანახავად ჩამოვიდა, ამბობს, რომ საზღვრის გადმოკვეთის დროს დამამცირებელი შემოწმების ობიექტი გახდა.
მიკაილ კადიევი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მას ოფიციალური თბილისი პუტინის მართლმსაჯულებას გადასცემს, მას იქ არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილი ემუქრება.