გაათავისუფლებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს - ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სასჯელაღსრულების სამინისტროს უპასუხა, სადაც უწყება განმარტავდა, რომ ვადამდე ადრე გათავისუფლების წლები მსჯავრდებულს ჯერ მოხდილი არ აქვს.
მერაბიშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 18 დღეში პატიმრობის 2/3 უკვე მოხდილი ექნება, შესაბამისად გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, 20 ნოემბრიდან საკითხზე უდოს კომისიამ ყოველგვარი მიმართვის გარეშე უნდა იმსჯელოს.
ვანო მერაბიშვილს გიორგი ჩივიაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ დღეს მოინახულებს.
„რაც შეეხება სასჯელაღსრულების განცხადებას, რომ თითქოს ჯერ ვადა არ დამდგარა, შემიძლია გითხრათ, რომ ნოემბრის თვეში ვანო მერაბიშვილს უდოს პერიოდი დაუდგა. ახლა როდის მოხდება მისი გადასინჯვა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. რაც შეეხება იმას, განცხადებით მიმართა თუ არა მერაბიშვილმა, არ მიუმართავს იმიტომ, რომ პროცედურა ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება იმას გამოუშვებს თუ არა ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე საქართველოს ხელისუფლება, ეს პოლიტიკური ნაწილია, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებაც იყო პოლიტიკური დევნის ნაწილი და მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური მოტივებით დატვირთული,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.