პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისფლების საკითხში „ქართული ოცნების“ ჩარევას გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებით, გადაწყვეტილებას უდო-ს კომისია მიიღებს.
„ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ეს არ უთქვამს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ამას ამბობენ მხოლოდ მისი თანაპარტიელები. რაც შეეხება მერაბიშვილის მიმართ მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, განხილვას ექვემდებარება, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობაში კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსალოდნელ დასკვნაზე აკეთებენ აქცენტს და ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდი შეეცდება დაასწროს გადაწყვეტილებას.
„ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ხელისუფლებაზე არის საკმაოდ დიდი ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ახლაც ველოდებით ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად ხელისუფლება არის არჩევანის წინაშე გააგრძელოს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ პოლიტიკური პატიმრების ყოლა, თუ გაათავისუფლოს ის,“-აცხადებს სერგო რატიანი.
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოლოდინი არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში.“
„საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რომელიც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დაასრულა საქართველოს ხელისუფლებამ. ვანო მერაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, ამიტომ მე ნამდვილად მეეჭვება, რომ ვანო მერაბიშვილი თავისუფლებაზე აღმოჩნდეს,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.