18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ექსტრადირების პროცედურები საკმაოდ მოცულობითია - მეგის ქარდავას ადვოკატი 

უკრაინელი სამართალდამცველების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს, ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ეხმაურება.

კურიერთან“ საუბრისას უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის დაკავების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ექსტრადირების პროცედურები უკრაინაში საკმაოდ მოცულობითია და დიდ დროს საჭიროებს.

ველიჯანაშვილისთვის ასევე უცნობია ჰყავს თუ არა მეგის ქარდავას უკრაინაში ადვოკატი.

„ამ ეტაპისთვის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცი, რაც ტელევიზიებით გავრცელდა. პროცედურებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საკმაოდ მოცულობითი პროცედურებია და საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს. იქ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როდესაც ენის არ მცოდნეა ადვოკატის ყოლა სავალდებულოა, მაგრამ არც ეგ ვიცი ჰყავს თუ არა, იმიტომ, რომ არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე არ გამაჩნია,“-განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. 

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ქარდავას მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

მეგის ქარდავა ქართული მხარის მოთხოვნით ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო. მას საქართველოს მთავარი პროკურატურა რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები