ესტონეთის პრეზიდენტი წეროვანის შემდეგ ხურვალეთში ჩავიდა და არსებულ ვითარებას ადგილზევე გაეცნო. კერსტი კალიულაიდი დახურულ ფორმატში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც შეხვდა. მოგვიანებით კი მან სოფლის სიახლოვეს გავლებული მავთულხლართები მოინახულა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
“მე ამ ადგილს ბოროტების ხაზს ვუწოდებდი. ეს სიტყვა ზუსტად შეესაბამება იმას, რაც აქ ვნახეთ. ბოროტების ხაზი მძიმეს ხდის ადგილობრივების ცხოვრებას. ჯერ თხრილებს აკეთებენ, შემდეგ გზები გაჰყავთ, ბოლოს ღობეს ავლებენ. ხელში მიჭირავს წიგნი, რომელიც ამ ხაზთან მცხოვრები ხალხის ცხოვრებაზეა. შემიძლია გამოვიყენო დიპლომატიური ტერმინოლოგია და გითხრათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და იმედგაცრუებული ვართ, რომ რომ ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდს კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, მაგრამ ამ ხაზთან ეს ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის მომსახურებასთან, არ შეუძლიათ საკუთარ ნათესავებს დაელაპარაკონ, რადგან ღობეა გავლებული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ვიდრე საბოლოოდ არ მოგვარდება პრობლემა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ინტენსიური საერთაშორისო პროცესი,“- აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ.
ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ესტონეთის დელეგაციას მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა საგანგებო მადლობა ვუთხრა ესტონეთის დელეგაციას, ქალბატონ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ მობრძანდა აქ ისევე როგორც არა ერთი ევროპელი ლიდერი და თავისი თვალით ნახა აქაც, იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაშიც, ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა საქართველო“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.