იუსტიციის სამინისტრომ აღდგენითი მართლმსაჯულების შემდგომი განვითარება, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგები შეაჯამა. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდას ეძლევა შანსი გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული, მისი შედეგები და ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე განაგრძოს.
განრიდების პროგრამაში 2010 წლიდან დღემდე 2300-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო.
“როდესაც ბავშვს წაუცდება ხელი, ჩაიდენს შეცდომას, რომელსაც სხვა მხრივ დანაშაული ჰქვია, ასეთი პირველად სამართალში მყოფი ბავშვის წინააღმდეგ სახელმწიფო სისტემა რეპრესიას კი არ ახორციელებს, არამედ განრიდებას. ბავშვი განრიდებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, იწყება მედიაციის პროცესი, კერძოდ, ბავშვის შეხვედრა დაზარალებულთან, შერიგება და იმის გაანალიზება, რომ დანაშაულის ჩადენა არის ცუდი,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.