18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მესამე სექტორის მოწოდებას ეხმაურება

მმართველი გუნდი მესამე სექტორის მოწოდებას ეხმაურება. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელისუფლების და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდა მიმდინარეობს და ასევე, ადგილი აქვს ნეპოტისტურ საკადრო პოლიტიკას.

მესამე სექტორი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ არსებობს სხვადასხვა შეფასების ანგარიშები, სადაც წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არის ობიექტური.

„სარედაქციო პოლიტიკა არის საკმაოდ ობიექტური საზოგადოებრივი მაუწყებლის. ამიტომ, მათი მაუწყებლობიდან ასეთი ტიპის გავლენები არ იკვეთება,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები განხორციელდა, ის უფრო ყურებადი გახდა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან და ის უნდა იყოს ობიექტური.

„ამ მაუწყებლიდან ძალიან დიდი ოდენობის თანხები გაედინება გოგა ხაინდრავასთან, ბერა ივანიშვილთან და ყველაზე მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად არ ასახავს მოქალაქეების ინტერესს. იგი ასახავს მხოლოდ ერთი ადამიანის, ივანიშვილის ინტერესს და მისი ოჯახის ინტერესების გამტარებელია,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ხელისუფლების ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს სერგო რატიანიც. "ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ბიძინა ივანიშვილის „2030“-ის პროექტი.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არა უბრალოდ უმრავლესობის და ხელისუფლების ინტერესებს ატარებს, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის 2030-ის პროექტი და ერთი ადამიანის ინტერესების დამცველი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ის დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაინტერესდება მესამე სექტორის მოწოდებით, რომ საკითხში გაერკვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები