შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს. უწყებას ტრანსგენდერმა ქალმა მიმართა. ეკატერინე გოცაძე პოლიციელებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. შემთხვევა გამთენიისას, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
ეკატერინე გოცაძე ამბობს რომ, ერთ-ერთ კლუბში შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა ექიმმა კი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ტრანსგენდერ ქალსა და ექიმს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
თუმცა, ეკატერინე გოცაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ის ამტკიცებს, რომ მას ფიზიკურად სამართალდამცველებიც გაუსწორდნენ.
დაპირისპირების შემდეგ, ტრანსგენდერი ქალი პოლიციის განყოფილებაში საჩივრის დასაწერად მივიდა, თუმცა მისი მტკიცებით, მას გენდერული იდენტობის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა ამჯერად უკვე პოლიციის განყოფილების მისაღებში მიაყენეს, რის გამოც ეკატერინე გოცაძემ გენერალურ ინსპექციას მიმართა.
ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე აჭარის პოლიცია ერთ საქმეს უკვე იძიებს. ის ამტკიცებს, რომ მეგობარი მამაკაცის ცოლმა რამდენიმე დღის წინ სცემა. გუშინ მომხდარ ინციდენტზე კი, გამოძიება დაწყებული არ არის.
ავტორი: თეა ვაშალომიძე