18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფელში 299 მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა

საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფელ ქვეშში 299 მოსწავლე სასწავლო წლის დაწყებიდან ორი თვის თავზე სკოლის გარეშე დარჩა. საკლასო ოთახებში გაბზარული კედლები, დაწეული ჭერი და ჩამოცვენილი ბათქაში გახდა მიზეზი მშობლების მოთხოვნისა, რომ ადმინისტრაციას მოეძებნა ალტერნატიული შენობა. ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორს კი, ეს ფაქტები საგანგაშოდ არ ეჩვენება.

სკოლა რომ დიდი ხანია ავარიულია და შენობის პრობლემა ახალი არ არის, სხვა თანამშრომლები ადასტურებენ. თუმცა, რატომ არ მოხდა სასწავლო წლის დაწყებამდე შენობის საფუძვლიანი შემოწმება, ბავშვების სხვა სკოლებში გადანაწილება და სკოლის რეაბილიტაცია, პასუხი არავის აქვს.

სოფელში ყვებიან, რომ სკოლა 40 წლის წინ აშენდა და მას შემდეგ მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. ადგილობრივების თქმით, იქ სწავლა ბავშვებისთვის სახიფათოა, თუმცა, არანაკლებ პრობლემას ქმნის გზა, რომელიც მოსწავლეებმა სხვა სოფლებამდე ყოველდღე უნდა გაიარონ. მოსწავლეები ახლა ორი მეზობელი სოფლის სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს.

საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სკოლის შენობის შემოწმების დასკვნაში წერია, რომ შენობის დაზიანების მიზეზი, გადახურვის ფილების დასაშვებ ზღვარზე მეტად დაწევაა. დირექციის ინფორმაციით, არსებობს პროექტი და მიმდინარე კვირაში გამოცხადდება ტენდერი.

ექნება თუ არა რეაბილიტირებული სკოლა სოფელს ახალი სასწავლო წლიდან, ჯერ პასუხი არ აქვთ. ასევე არ არის პასუხი იმაზე, რატომ არ შემოწმდა შენობა და რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები სასწავლო წლის დაწყებამდე.

დღის ამბები