18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი შემთხვევის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაკითვაზე მეორედ დაიბარეს

ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი შემთხვევის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველი დაკითხვაზე დაიბარეს. ნოდარ შანიძე ქალაქის მთავარ პროკურატურაში იმყოფება. ის საპატრულო პოლიციის მიერ დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის მეზობელია.

თავად ნოდარ შანიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, მათ ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია თუ რა სახის შეკითხვები აქვთ გამომძიებლებს და რატომ გახდა მისი მეორედ დაბარება საჭირო.  

“გამომძიებელი დაგვიკავშირდა, დაბარებული ვართ დაკითხვაზე მაგრამ, რა შეკითხვები აქვთ, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, დაბარებულია დაკითხვაზე პავლიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით ახალ გარემოებას, ჩემთვის პირადად უცნობია, ვინ რას იღებდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთანაც ამ შემთხვევაში არ მქონია დიდი ხნის კონსულტაცია, ამ წუთას ჩავერთე ამ საქმეში, დეტალურად გავერკვევი, მივიღებ დეტალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას“ - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.  

ნოდარ შანიძე გახლავთ ის ადამიანი, ვისთან კონფლიქტის გამოც გახდა ნუცუბიძეზე პატრულის გამოძახება. სწორედ ამ ადამიანის ვიდეო გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც შანიძე ყვებოდა, რომ გარდაცვლილი დამოკიდებული იყო ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.

მოხდება თუ არა აღნიშნულ საქმეზე სხვა მოწმეების გამეორებით დაკითხვა, ამ დროისთვის უცნობი. 

დღის ამბები