ბათუმის ნავსადგურში ნატოს სამხედრო ხომალდების ხელმძღვანელობას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. სტუმრებს ტრადიციულად ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. ბათუმის ნავსადგურში ალიანსის სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი სამი ხომალდი დღეს შემოვიდა.
დელეგაციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე ადმირალი ერვი ბრეჟონი ხელმძღვანელობს. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.
“ეს არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი კოოპერაცია, თანამშრომლობა, მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციის ევროატლანტიკურ სივრცეში და დარწმუნებული ვარ, ეს და სხვა მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს რეგიონში ხელს შეუწყობს რეგიონალურ უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.