18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
ოჯახური ძალადობის ფაქტი სოფელ ჭერემში და 86 წლის მოხუცი, რომელიც შესაძლოა ქუჩაში დარჩეს 

86 წლის მოხუცს ქუჩაში დარჩენა ემუქრება. სახლი, სადაც ნაზიბროლა ჯაჭვაძე ცხოვრობს, იყიდება. ნაზიბროლა ჯაჭვაძე ყვება, რომ საკუთარმა გერმა გამოაგდო და ნივთების დაწვითაც დაემუქრა. შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემში მოხდა.

მოხუცს წასასვლელი არსად ჰქონდა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ნაზიბროლა ჯაჭვაძე დროებით მეზობლებმა შეიფარეს. მას შემდეგ რაც მუდმივი საცხოვრებელი აღარ ჰქონდა, სოციალური შემწეობაც მოეხსნა.

მეზობლების, გამგებლისა და სამართალდამცავების დახმარებით ნაზიბროლა ჯაჭვაძე საკუთარ სახლში დაბრუნდა. თუმცა გერმა, რომელიც ამ ფაქტს ვერ შეეგუა, ახლა უკვე ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. თავად დავით ჯაჭვაძემ კი "კურიერთან" საუბარი არ ისურვა.

ოჯახური ძალადობის შესაძლო ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო ადამიანის უფლებათა ცენტრმა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქონებრივი დავასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უკვე მიაწოდეს.

86 წლის მოხუცი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, ცხოვრებას სოფელ ჭერემში საკუთარი სახლის დაკარგვის შიშით აგრძელებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები