„ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე გამოძიება იყო აღძრული, თუმცა იმ ცილისწამების კამპანიაზე, რაც ჩემ წინააღმდეგ წარიმართა შემდეგ, საქმე არ აღძრულა,“ - ამის შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა ელჩმა, თათია დოლიძემ, განაცხადა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. ქართული მარშის წევრების მხრიდან მუქარის ადრესატი გახდა.
გია კორკოტაშვილი და მისი თანამოაზრეები დოლიძეს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ამ საქმეზე გამოძიებაც არის დაწყებული. დაკითხვაზე თათია დოლიძე და გია კორკოტაშვილი იმყოფებოდნენ. თათია დოლიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი ელჩის შეფასებით, გია კორკოტაშვილმა ეთიკის ყველა ნორმა დაარღვია.
"ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში ბევრი კორკოტა არის. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენთან პოლიტიკური კულტურა არ არსებობს," - განაცხადა დოლიძემ.
თათია დოლიძემ გადაცემაში გაზეთები „ასავალ-დასავალი“, „ალია“ მოიტანა, სადაც, როგორც ამბობს, მის მიმართ ცილისწამებლური ინფორმაციები იბეჭდებოდა.