18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ხმაური ვარკეთილში - მოსახლეობა მეორე დღეა კორპუსის შენებლობას აპროტესტებს

ხმაური იყო დღეს ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში, სადაც უკვე მეორე დღეა მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორ კორპუსს შორის კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობის აშენების შედეგად დაინგრევა სკვერის ნახევარი და ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ავტოფარეხი.

მოსახლეობამ დღეს ადგილზე მისულ მუშებს სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მისცეს და  მიწის მესაკუთრეს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები დაინტერესდნენ რამდენად კანონიერად ჰქონდა მას ფართი შეძენილი  და ასევე რატომ არ იკითხა მან მშენებლობის დაწყებამდე რა პოზიცია ჰქონდა მოსახლეობას.

თავად მიწის მესაკუთრე ამბობს, რომ მას ყველა საბუთი წესრიგში აქვს.

ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც. ლევან ხაბეიშვილმა სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. მისი თქმით „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე ადგილობრივებს უთხრა, რომ სკვერის ტერიტორიაზე არ განთავსდებოდა კორპუსი, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ მშენებლობის ნებართვა გასცა.

გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პასუხი მოსახლეობას შესაბამისმა სამსახურმა უნდა  გასცეს და არა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოგვიანებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეს მშენებლობა აღარ განახლდება, ხვალ ადგილობრივი მცხოვრებლები მუნიციპალიტეტში საქმიან შეხვედრას გამართავენ. 

დღის ამბები