უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება 2018 წლისთვის პენსიის მომატებას არ გეგმავს.
მთავრობა საპენსიო რეფორმას გეგმავს, რომელიც დაგროვებით პენსიას გულისხმობს. კერძოდ, საპენსიო რეფორმის მიხედვით 40 წლამდე საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქე, ანუ დაახლოებით 500 000 ადამიანი, სახელმწიფო საპენსიო ფონდში საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის 2 %-ს ჩარიცხავს, დამატებით 2%-ს მის ანგარიშზე დამსაქმებელი დადებს, კიდევ 2%-ს კი სახელმწიფო. ანუ დასაქმებული მოქალაქე საკუთარი ხელფასის დაახლოებით 6%-ს გადაინახავს იმისთვის, რომ სიბერე ღირსეული ჰქონდეს.
სტატისტიკის მიხედვით სიბერე ღირსეულია თუ ხანდაზმული ადამიანის პენსია მისი საშუალო ხელფასის ნახევარს მაინც აღწევს. საპენსიო რეფორმა მიზნად ისახავს ეს ციფრი, ანუ ჩანაცვლების მაჩვენებელი 30%-მდე მაინც ასწიოს. შედარებისთვის, დღევანდელი 180 ლარიანი პენსია საშუალოს ხელფასის მხოლოდ 18%-ს ანაცვლებს.
საქართველოს მოსახლეობა ტრადიციულად ფულს არ ზოგავს და ძირითადად ხარჯავს - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რეფორმის ავტორები თვლიან, რომ დაგროვება იძულებითი უნდა იყოს.
არიან ისეთებიც, ვისაც შეუძლიათ აირჩიონ ჩაერთონ თუ არა დაგროვებით საპენსიო სისტემაში. მაგალითად 40 წელს გადაცილებულ საქართველოს დასაქმებული მოქალაქეები, ასევე ყველა ის თვით დასაქმებული, ვისაც საკუთარი შემოსავლების დადასტურება შეუძლია. თუმცა არიან ისეთებიც, ძალიანაც, რომ მოინდომოს სიბერისთვის ამ სქემით ვერფერს დააგროვებენ. მაგალითად წვრილი ფერმერების, ტაქსის მძღოლების და ხელოსნების შემოსავლებს სახელმწიფო ზუსტად ვერ აღრიცხავს და პენსიის დაგროვებაზე მათ უბრალოდ უარს ეუბნება.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.