ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა და საქმის მასალებს გაეცნო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატი კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.
თუ როდის მოითხოვს ოჯახი გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას, უცნობია. ადვოკატი აცხადებს, რომ ძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა გაგრძელდეს.
„პროკურატურას აქვს თავის პოზიცია, ჩვენ გვაქვს ჩვენეული პოზიცია. მიგვაჩნია, რომ ობიექტურობისთვის მაინც მნიშვნელოვანია, სამსახურეობრივი გულგრილობით წავიდეს გამოძიება, თუმცა რა თქმა უნდა, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები ესაჭიროება ამ საკითხს. ამიტომ, უფრო მეტი ობიექტურობისთვის ჯობს დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას. უახლოეს დღეებში მექნება ოჯახთან ამ საკითხზე მსჯელობა და ოჯახთან შეთანხმებით გადავწყვეტთ, ამ ეტაპზე დავაყენოთ თუ არა აღნიშნული საკითხი,“ - აცხადებს ადვოკატი ლევან ვეფხვაძე.