კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში უწყლობა მთავარი პრობლემაა. ეს საკითხი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით უნდა მოეგვარებინათ, სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა შეჩერდა. მთავრობამ პროგრამა საერთოდ გააუქმა და ასობით სოფელი პრობლემების წინაშე მარტო დატოვა.
პროგრამით, რომელიც მთავრობამ გააუქმა, ხალხი თავად წყვეტდა ბიუჯეტის ფულით რა უნდა გაეკეთებინა სოფლისთვის.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სარგებელზე საუბრობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამბობენ, რომ თანხები მართალია მცირე იყო, მაგრამ მცირე პრობლემები სოფლებში გვარდებოდა.
თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში თვლიან, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს იყო ერთადერთი მოდელი, როდესაც ხალხი თავად განკარგავდა გამოყოფილ დაფინანსებას.
სოფლის განვითარების პროგრამის განხორციელება 2009 წლიდან დაიწყო. წელს მთავრობამ ჯერ მისი შეჩერების, მომავალი წლიდან კი სრულად გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.