იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს, საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემაში არსებული დაპირისპირების დასტურად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია ნინო გვენეტაძის უარის მიზეზები, ხელი მოაწეროს 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებას.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაშია საბჭოს ამ ჯგუფთან. რთული არის გავიგოთ, რა არის მოტივაცია იმისა, რომ ნინო გვენეტაძე არ აწერს ხელს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, რაზეც ჰქონდათ პრეტენზიები წევრებს. იქმნება იმის საფრთხე, რომ ჯანსაღი პროცესიდან მთლიანად ამოვარდეს ეს პროცესი,“ - აცხადებს IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი ბერაია.
სწორედ ხელმოწერაზე უარის გამო, საბჭოს რამდენიმე წევრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან გუშინ კონკრეტული განმარტებები მოითხოვა და გვენეტაძე უფლებამოსილების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
იუსტიციის საბჭოს წევრებს საპასუხო ბრალდებით დაუპირისპირდა სასამართლოს თავმჯდომარე.