18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
დაგროვებითი პენსიის დეტალები რეფორმის ავტორებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან განიხილეს

საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებით პენსიას გულისხმობს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებმა, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ერთად, მსხვილ ბიზნესმენებთან განიხილეს. შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა პროექტის ავტორებს ის შენიშვნები გააცნეს, რომელიც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ.

„ჩვენი მსჯელობის შედეგად წარმოიქმნა ეს შეკითხვები, დავაყენეთ და თითქმის ყველა შენიშვნაზე მივიღეთ თანხმობა ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, შეკითხვები შეეხებოდა, როგორც ტექნიკურ, ასევე შინაარსობრივ მხარესაც.

შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა რეფორმის ავტორებს რჩევებიც მისცეს. 

„ჩვენი რჩევა იყო, რომ მაქსიმალურად ყურადღება იქნას გამახვილებული და დაწესდეს ზედა ზღვარი თანხების ინვესტიციისა ქვეყნის მიღმა, რათა არ მოხდეს საპენსიო ფონდში აკუმულირებული სიკეთის ქვეყნიდან გადინება, არამედ უზრუნველყოფილი იყოს ამ ფულის ქართულ ეკონომიკაში ჩაბრუნება,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ბზარაშვილმა.

შეხვედრა დადებითად შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ნინო ჯავახაძის თქმით, იყო კრიტიკული შენიშვნებიც, თუმცა ძირითადად დისკუსია სამუშაო და კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, ბიზნეს ასოციაციის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინოს.

სისტემა მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. კანონპროექტი პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები