საქართველოში შემოსული მედიკამენტების დიდი ნაწილი აფთიაქებში ლაბორატორიული შემოწმების გარეშე იყიდება. შესაბამისად, იმის გარანტია, რომ მომხმარებელი ხარისხიან პრეპარატს იძენს, უბრალოდ, არ არსებობს.
საქართველოში, თითქმის, 12 ათასი დასახელების მედიკამენტი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. როგორც აღმოჩნდა, აფთიაქებში ეს პრეპარატები ისე იყიდება, რომ შემოწმება მხოლოდ მცირე ნაწილს უტარდება.
კვლევა ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია აი ფაქტმა ჩაატარა.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მედიკამენტების შემოწმებაზე გამოყოფილი თანხის მხოლოდ 5% იხარჯება. 75%-ე მეტს კი ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლებისთვის სახელფასო ვალდებულებების გასასტუმრებლად იყენებს.
ის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე პრობლემებია და ხშირ შემთხვევაში, აფთიაქებში შეუმოწმებელი მედიკამენტები იყიდება, ადასტურებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ კონტროლი უნდა გაიზარდოს.
ის, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფალსიფიცირებული მედიკამენტების გაყიდვის რისკი მაღალია, ადასტურებენ დარგის ექსპერტები.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სერგეენკოს უწყება ახალ კანონზე მუშაობს, რომელმაც, წესით, მდგომარეობა უნდა დაარეგულიროს.